ხელისუფლების წარმომადგენლები გურჯაანში, ყვარელსა და ლაგოდეხში წყალდიდობის შედეგებს გაეცნენ.

საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე ლევან ზაუტაშვილი, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ პლატონ კალმახელიძესთან ერთად, რეგიონის მუნიციპალიტეტებში უხვი ნალექისგან შექმნილ ვითარებას ადგილზე გაეცნო.
ლევან ზაუტაშვილი და პლატონ კალმახელიძე საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, გურჯაანის, ყვარლისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში ადგილზე გაეცნენ სტიქიით დაზიანებულ ინფრასტრუქტურას.
რეგიონული განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ხელისუფლების წარმომადგენლებმა ადგილზე დაათვალიერეს სოფელ ველისციხეში უხვი ნალექის შედეგად დაზიანებული, ე.წ. “ჟორსის ხიდი,” ყვარლის მუნიციპალიტეტში მდინარე დურუჯის კალაპოტისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინიგორში, მდინარე ნინოსხევის კალაპოტის გაწმენდითი სამუშაოები.
“უხვი ნალექის შედეგად გარკვეული პრობლემები შეიქმნა კახეთის რეგიონში, კერძოდ, ყვარლის, გურჯაანისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში. პროცესებში ჩართული არიან ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელები და კახეთის სახელმწიფო რწმუნებული. პირველი ნაბიჯები დროულად იქნა გადადგმული და მუშაობა მიმდინარეობდა სხვადასხვა სამინისტროებთან კოორდინაციაში. შედეგად, რეგიონში სწრაფად მოხდა მძიმე ტექნიკის მობილიზება შესაბამის ლოკაციებზე და გადაუდებელი სამუშაოები დროულად დაიწყო. ჩვენი ჩამოსვლა უკვე ემსახურება შემდეგი ეტაპის დაგეგმვას საგზაო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად, განსაკუთრებით პრობლემურ ლოკაციებზე. გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ ველისციხეში, დაფიქსირდა ხიდის დაზიანება. საგზაო დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ადგილზე შეაფასეს მდგომარეობა და უმოკლეს ვადებში გამოცხადდება ხიდის აღდგენასთან დაკავშირებული სამუშაოები. რაც შეეხება ყვარლის და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებს, გარკვეული პრობლემები შექმნა ადიდებულმა მდინარეებმა. ამ შემთხვევაშიც, გატარდება ყველა საჭირო ღონისძიება. მუშაობა მიმდინარეობს საგზაო დეპარტამენტის, რეგიონული განვითარების სამინისტროსა და სახელმწიფო რწმუნებულის ჩართულობით და უმოკლეს ვადებში გადაიდგმება შესაბამისი ნაბიჯები, რომლებიც უზრუნველყოფს არსებული პრობლემების სრულყოფილად გადაწყვეტას,” – განაცხადა ლევან ზაუტაშვილმა.