ყვარელში ილიასადმი მიძღვნილ კონფერენციაზე 10 საუკეთესო სტუდენტი დააჯილდოვეს

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლევან ღირსიაშვილმა, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი დგებუაძესთან ერთად, სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციის „ილია ჭავჭავაძე – 189“ 10 საუკეთესო მოხსენების ავტორი სამახსოვრო საჩუქრებით დააჯილდოვა.
სტუდენტების დაჯილდოებაში მონაწილეობა ასევე მიიღეს საქართველოს პარლამენტის წევრებმა დავით მათიკაშვილმა და ირაკლი ქადაგიშვილმა. კონფერენციაში საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები მონაწილეობდნენ. მათ ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის სხვადასხვა ასპექტზე მომზადებული სამეცნიერო მოხსენებები წარმოადგინეს. ნაშრომები ექვს თემატურ სექციას მოიცავდა: სამართლისა და პოლიტიკის მეცნიერებები; განათლება და მეცნიერება; ლიტერატურა და პუბლიცისტიკა; ეკონომიკა და საბანკო საქმე; მედია და საზოგადოებრივი აზრი; ქართველოლოგია და კულტურული მემკვიდრეობა.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციით, კონფერენციის მიზანი იყო ილია ჭავჭავაძის ეროვნული, საზოგადოებრივი, საგანმანათლებლო, სამართლებრივი და ეკონომიკური მოღვაწეობის, ასევე მისი სამწერლობო და მთარგმნელობითი საქმიანობის მნიშვნელობის წარმოჩენა და მისი იდეების პოპულარიზაცია.
კონფერენციის დასკვნითი ღონისძიება ყვარელში, იუსტიციის სასწავლო ცენტრში, „ილიაობა 2026 – ის” ფარგლებში გაიმართა.
ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი ილია მზექალაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ ჩხეიძე.
კონფერენცია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით ჩატარდა.