ჩვენი წარსული მდიდარია თვალსაჩინო საერო თუ სასულიერო მოღვაწეებით, თუმცა ილია ჭავჭავაძე იყო ერთადერთი, რომელსაც ქართველმა ხალხმა სიცოცხლეშივე დამსახურებულად და დიდი სიყვარულით უწოდა „ერის მამა“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ილიაობა 2026-ისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
საქართელოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრემიერმა საზოგადოებას ილიაობა მიულოცა და ილია ჭავჭავაძის დაბადების დღის გამორჩეულ ისტორიულ მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
„როდესაც ილია ჭავჭავაძეზე ვსაუბრობთ, ბუნებრივია, პირველ რიგში, ვფიქრობთ იმ საწყისებზე, რომლებზეც თანამედროვე ქართული სახელმწიფოებრიობა, კულტურა და ერის ერთობა დგას. ილიამ თითქმის შეუძლებელი შეძლო – ქვეყნისათვის ურთულეს, გარდამტეხ ეპოქაში მან გააერთიანა ყველაფერი, რაც მაშინდელ საქართველოს სჭირდებოდა – საზოგადო მოღვაწე, მწერალი, პუბლიცისტი, ბანკის დამფუძნებელი, ქართული თეატრის აღმშენებელი და რაც მთავარია, ერის წინამძღოლი. თანამედროვე საქართველოში არ მოიძებნება საზოგადოებრივი ცხოვრების არცერთი სფერო, რომელიც მის ნააზრევს არ ეყრდნობა. ასეთი მრავალმხრივი მოღვაწეობის მაგალითი მსოფლიო ისტორიაშიც კი იშვიათობაა – ეს არის საყოველთაო მნიშვნელობის მოვლენა, როდესაც ერთი ადამიანის ცხოვრებამ ერის განვითარების გზა განსაზღვრა. საბედნიეროდ, ჩვენი წარსული მდიდარია თვალსაჩინო საერო თუ სასულიერო მოღვაწეებით, თუმცა ილია ჭავჭავაძე იყო ერთადერთი, რომელსაც ქართველმა ხალხმა სიცოცხლეშივე დამსახურებულად და დიდი სიყვარულით უწოდა „ერის მამა“, – განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურმა ასევე ხაზი გაუსვა ილია ჭავჭავაძის განსაკუთრებულ ძალისხმევას დედაეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისთვის.
„წელს ჩვენ ვზეიმობთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილეს. ასეთ ღირსშესანიშნავ დროს შეუძლებელია, არ გავიხსენოთ ის უდიდესი ძალისხმევა, რაც ილია ჭავჭავაძემ გასწია დედაეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისთვის. მრავალ სხვა დიდ საქმესთან ერთად, სწორედ ამ ღვაწლისთვისაც შერაცხა იგი წმინდანად ქართულმა ეკლესიამ. ილია ჭავჭავაძემ დაგვიტოვა ქართველთა უმთავრესი ანდერძი – „მამული, ენა, სარწმუნოება“, რაც არამხოლოდ ჩვენი ეროვნული ცნობიერების საფუძველია, არამედ – მოქმედების გეგმა, რომელიც დღესაც ისეთივე აქტუალურია, როგორც ილია ჭავჭავაძის მოღვაწეობის დროს. კიდევ ერთხელ გილოცავთ ილიაობას! მჯერა, ჩვენთვის და ყველა მომავალი თაობისათვის წმინდა ილია მართლის ცხოვრება მუდამ დარჩება მაგალითად, თუ როგორ უნდა უყვარდეს ადამიანს საკუთარი სამშობლო და არამხოლოდ სიტყვით, არამედ ყოველდღიური შრომით იზრუნოს მის უკეთეს ხვალინდელ დღეზე“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ და საზოგადოებას ილიაობა მიულოცეს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტების დელეგატმა ირაკლი ქადაგიშვილმა, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა პლატონ კალმახელიძემ, ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა ილია მზექალაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ ჩხეიძემ.
მთავრობის მეთაურმა ილიაობა 2026-თან დაკავშირებით ყვარელში ადგილობრივი ხელნაკეთი პროდუქციის გამოფენა დაათვალიერა. ასევე გაიმართა ყვარლის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია.
ღონისძიებას საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.