საქართველოს განათლების მინისტრი, გივი მიქანაძე, თელავის უნივერსიტეტს ესტუმრა.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი, გივი მიქანაძე, თელავის უნივერსიტეტს ესტუმრა, სადაც ახლად რეაბილიტირებული მეორე კორპუსი დაათვალიერა და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო.
კერძოდ, მინისტრი ეწვია უნივერსიტეტის კვლევით ლაბორატორიებს, ღვინის მარანსა და სპორტულ დარბაზს, რომლის სრული რეაბილიტაციისთვისაც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ 495 000 ლარი გამოყო.
სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ასევე იგეგმება მესამე სასწავლო კორპუსის ინფრასტრუქტურის განახლებაც.
„იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი გამორჩეულია მდიდარი ტრადიციებით და, რა თქმა უნდა, მას, როგორც რეგიონულ უნივერსიტეტს, ექნება განსაკუთრებული როლი, უმაღლესი განათლების რეფორმის განხორციელების პროცესში.
ათეული წლებია ეს უნივერსიტეტი მაღალი კვალიფიკაციის, პროფესიონალ კადრებს ამზადებს და განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს აგრარულ მიმართულებაზე. ამ მიმართულებით უნივერსიტეტს აქვს მნიშვნელოვანი პროგრესი – ახლო მომავალში იგეგმება შესაბამისი ლიცენზიის მიღება, რის საფუძველზეც ის საქმიანობა, რომელიც აგრარულ სფეროში კვლევით კომპონენტს შეეხება, უნივერსიტეტისთვის დამატებითი შემოსავლის წყაროდ იქცევა.
სამინისტრო აგრძელებს რეგიონული უნივერსიტეტების აქტიურ მხარდაჭერას – ჩვენი მხრიდან მიმდინარე წელს გამოიყო დაფინანსება, რომლითაც თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში განხორციელდება ინფრასტრუქტურული პროექტები. შესაბამისად, წლის ბოლომდე სტუდენტებსა და სასწავლო პროცესში ჩართულ პროფესორ-მასწავლებლებს ახალ, გაუმჯობესებულ საგანმანათლებლო სივრცეებში ექნებათ სასწავლო პროცესის გაგრძელების შესაძლებლობა,“– განაცხადა გივი მიქანაძემ.
მინისტრთან ერთად უნივერსიტეტში იმყოფებოდნენ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე ლევან ღირსიაშვილი, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ალადაშვილი, პარლამენტის წევრი გელა სამხარაული და თელავის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ანდრიაშვილი.