ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე კახეთის რეგიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგის ფარგლებში, საგარეჯოში 75 აღსაზრდელზე გათვლილი თანამედროვე საბავშვო ბაღის მშენებლობის პროცესს გაეცნო.
ინფრასტრუქტურის სამინინისტროს ინფორმაციით, პროექტის დასრულების შემდეგ, ადგილობრივ ბავშვებს ექნებათ უსაფრთხო, თანამედროვე და სრულად აღჭურვილი სასწავლო-სააღმზრდელო გარემო, რომელიც მათ ასაკობრივ საჭიროებებს მაქსიმალურად შეესაბამება. ახალი საბავშვო ბაღი ხელს შეუწყობს როგორც ბავშვების ჰარმონიულ განვითარებას, ისე მშობლებისთვის უფრო კომფორტული პირობების შექმნას.
საბავშვო ბაღის შენობა სრულად იქნება ადაპტირებული თანამედროვე სტანდარტებზე — გათვალისწინებულია კეთილმოწყობილი ჯგუფური ოთახები, სათამაშო და საგანმანათლებლო სივრცეები, დასვენების ზონები, ასევე უსაფრთხოების შესაბამისი სისტემები. პროექტი ასევე მოიცავს ეზოს კეთილმოწყობას, საბავშვო ატრაქციონებისა და სათამაშო მოედნების მოწყობას.
პროექტს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ახორციელებს. მისი ღირებულება დაახლოებით 1.7 მილიონ ლარს შეადგენს.
მინისტრთან ერთად ადგილზე იმყოფებოდნენ სახელმწიფო რწმუნებული კახეთის მხარეში პლატონ კალმახელიძე და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ კაკუტაშვილი.
სამშენებლო სამუშაოები 2023 წლის ივლისში დაიწყო და მიმდინარე წელს დასრულდება.