ინფრასტრუქტურის მინისტრი, ლაგოდეხში არსებულ საჭიროებებს ადგილზე გაეცნო.

ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მოადგილეებთან, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ლევან დარახველიძესთან, პარლამენტის დეპუტატ გურამ მაჭარაშვილთან, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ პლატონ კალმახელიძესთან და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერ ჯონდო მდივნიშვილთან ერთად, ლაგოდეხში არსებულ ინფრასტრუქტურულ საჭიროებებს ადგილზე გაეცნო.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა დაათვალიერა ქალაქ ლაგოდეხში, მდინარე ლაგოდეხის ხევზე არსებული დაზიანებული ნაპირდამცავი გაბიონი. აღნიშნულ მონაკვეთზე 2022-2024 წლებში განხორციელდა დატბორვის საწინააღმდეგო სამუშაოები, რომლის ფარგლებშიც მოეწყო ნაპირდამცავი ნაგებობა. თუმცა, 2025 და 2026 წლებში განვითარებული სტიქიური მოვლენების შედეგად გაბიონი დაზიანდა, რის გამოც ქალაქ ლაგოდეხის მოსახლეობისთვის საფრთხე კვლავ შეიქმნა.
ადგილზე მიღებული გადაწყვეტილებით, საავტომობილო გზების დეპარტამენტი წელსვე დაიწყებს ნაპირსამაგრ სამუშაოებს.