ბოლო დღეების განმავლობაში მოსული გადაუღებელი წვიმის შედეგად, გარკვეული პრობლემები შეიქმნა კახეთის რეგიონის რამდენიმე მუნიციპალიტეტში.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული პლატონ კალმახელიძე და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერი ჯონდო მდივნიშვილი, მუნიციპალიტეტის სოფლებში – ჭიაურსა და აფენში, ადგილზე გაეცნენ უხვი ნალექის შედეგად შექმნილ ვითარებას და შეხვდნენ მოსახლეობას.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, უხვმა ნალექმა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლებში დატბორა მოსახლეობის საკარმიდამო ნაკვეთები და ეზოები.
ადგილზე მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი ტექნიკა, მიმდინარეობს წყლის ამოტუმბვისა და სანიაღვრე არხების გაწმენდითი სამუშაოები.