“ჩემო ძვირფასო თელაველებო, მუნიციპალიტეტის სოფლების მაცხოვრებლებო,
გასული ოთხი წელი, ჩემთვის, როგორც მშობლიური მუნიციპალიტეტის მერისთვის, მეტად საპასუხისმგებლო, საამაყო, გამოწვევებით, სიახლეებით, უამრავი საინტერესო პროექტით დატვირთული და განსაკუთრებული იყო.
დაკავებული პოზიცია ჩემთვის მხოლოდ თანამდებობა არასდროს ყოფილა. მაქსიმალურად ვცდილობდი ყველა ინფრასტრუქტურულ, სოციალურ თუ კულტურულ პროექტში უშუალოდ ვყოფილიყავი ჩართული და მიღებული გადაწყვეტილებების შედეგად მოტანილი სიკეთე თითოეულ მოსახლემდე მისულიყო.
2021-2025 წლებში, ცენტრარული ხელისუფლების უშუალო ჩართულობითა და მხარდაჭერით, არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა როგორც საგზაო ინფრასტრუქტურის, ისე სოციალური, განათლების, კულტურის, ახალგაზრდული, ტურიზმის, ეკონომიკური სფერობის გასაუმჯობესებლად.
შესრულებულ სამუშაოებსა და პროგრამებს, რომლებიც ამ პერიოდში განხორციელდა, თავად მოსახლეობა უკეთ შეაფასებს.
მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც 4 წლის განმავლობაში გვერდით გვედგა და ჩვენს გუნდთან ერთად ზრუნავდა მუნიციპალიტეტის განვითარებაზე. მადლობა მოსახლეობას, ჩვენს მოქალქეებს, რომლებიც ყოველთვის გვაძლევდნენ სწორ მიმართულებას ჩვენს საქმიანობაში. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ის ურთიერთობებია, რომელიც ამ წლების განმავლობაში ჩამომიყალიბდა ჩვენს მოსახლეობასთან. მადლობა თელავის მუნიციპალიტეტის მერიის გუნდს, თანამშრომლებს, რომელთა გარეშეც პროექტების განხორციელება რთული იქნებოდა.
ვულოცავ გამარჯვებას თელავის ახლად არჩეულ მერს, ბატონ ვაჟა მაღრაძეს და წარმატებას ვუსურვებ მომავალ საქმიანობაში.
მჯერა, რომ თელავი ყოველთვის იქნება გამორჩეული მუნიციპალიტეტი.
მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე წლის ოქტომბრიდან მერის პოზიციაზე აღარ განვაგრძობ მუშაობას, ყოველთვის ვიქნები ჩვენი ქალაქის, მუნიციპალიტეტის, მოსახლეობისა და ქვეყნის სამსახურში,” – ლევან ანდრიაშვილი.