საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან, გიორგი ალადაშვილთან და პარლამენტის წევრთან, ირაკლი ქადაგიშვილთან ერთად, კახეთის რეგიონის მასწავლებლებთან და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მინისტრმა შეხვედრის მონაწილეებთან ერთად ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფციის ძირითადი მიმართულებები განიხილა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში თითოეული მათგანის ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებმა მათთვის აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით მინისტრისგან მიიღეს დეტალური ინფორმაცია.
ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის პროცესში სასკოლო საზოგადოების ჩართულობის ზრდის მიზნით, მინისტრის შეხვედრები მასწავლებლებთან, მშობლებთან, სკოლების დირექტორებთან და რესურსცენტრების წარმომადგენლებთან აქტიურად გაგრძელდება.