პლატონ კალმახელიძე კონტრაქტორი და საზედამხედველო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა პლატონ კალმახელიძემ, სახელმწიფო რწმუნებულის პირველ მოადგილე გიორგი თუშიშვილთან და მუნიციპალიტეტის მერ ვაჟა მაღრაძესთან ერთად, კონტრაქტორი და საზედამხედველო კომპანიების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები. აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია მიმდინარე პროექტების გეგმა – გრაფიკის შესაბამისად განხორციელება, ასევე, ყურადღება გამახვილდა სამუშაოების მაღალი ხარისხით შესრულების აუცილებლობაზე.

“სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრებზე მკაფიოდ ვაფიქსირებ ჩვენს მიდგომას, რომ მოსახლეობის საჭიროებებზე მორგებული, მიზნობრივი პროექტები უნდა შესრულდეს გეგმა – გრაფიკის სრული დაცვით და რა თქმა უნდა, ხარისხიანად”,- აღნიშნა პლატონ კალმახელიძემ.

თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში გამართულ შეხვედრას მშენებლებთან ერთად, მერის მოადგილეები და ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.