ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პოზიცია გივი ზაუტაშვილმა დაიკავა.

“ძვირფასო მეგობრებო, დღეიდან, ღრმა პატივისცემითა და დიდი პასუხისმგებლობის განცდით, შევუდექი ჩვენი მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პოზიციას. ამ განსაკუთრებულ მომენტში, უპირველეს ყოვლისა, წარმატებებს ვუსურვებ ახლადარჩეულ მერს, საკრებულოს ყველა დეპუტატს, მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებს და ყველას, ვინც ერთგულად ემსახურება ჩვენი მუნიციპალიტეტის კეთილდღეობას. გულწრფელ მადლიერებას ვუძღვნი ჩვენს ამომრჩეველს, რომელმაც კვლავ გამოგვიცხადა ნდობა და მოგვანიჭა პატივი, განვსაზღვროთ მუნიციპალიტეტის მომავალი მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში. ეს ნდობა არა მხოლოდ პატივია, არამედ უდიდესი ვალდებულებაა ჩვენი თითოეული გადაწყვეტილების წინაშე. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ჩვენი პოლიტიკური გუნდის თითოეულ წევრს, რომელთა ერთგულება, დაუღალავი შრომა და თავდადება საფუძველია ყველა მიღწევისა, რაც დღეს გვაერთიანებს. ამ უდიდესი პასუხისმგებლობის ღირსეულად შესასრულებლად საჭიროა უანგარო სიყვარული სამშობლოსადმი, ურთიერთპატივისცემა, ერთგულება პრინციპებისადმი და დაუღალავი შრომა ჩვენი მუნიციპალიტეტისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ. მხოლოდ ასეთი ერთიანობითა და თავდადებით შევძლებთ, რომ გავამართლოთ ხალხის მიერ გამოხატული ნდობა. კიდევ ერთხელ, გულწრფელად ვპირდებით ჩვენს მოსახლეობას, რომ ჩემი და საკრებულოს ყველა წევრის კარი მუდამ ღია იქნება თითოეული მოქალაქისთვის. მოვუსმენთ ყველა ხმას, გავეცნობით ყველა საჭიროებას, გამოვავლენთ პრობლემებს და მერიასთან მჭიდრო, კონსტრუქციული თანამშრომლობით ვეცდებით მათ გადაჭრას. წარმატებებს ვუსურვებ საკრებულოს ახალ შემადგენლობას ყველა იმ საქმეში, რომელიც მიმართული იქნება ჩვენი მუნიციპალიტეტის განვითარების, მოსახლეობის კეთილდღეობისა და ჩვენი ქვეყნის სიძლიერისკენ. ერთად, პატივისცემითა და პასუხისმგებლობით, ვაშენოთ უკეთესი მომავალი,” – ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, გივი ზაუტაშვილი.