საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უდაბნოში, ,,გარეჯობის“ სახალხო დღესასწაული აღინიშნა.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უდაბნოში, ჩიჩხიტურის კოშკის მიმდებარედ, ,,გარეჯობის“ სახალხო დღესასწაული აღინიშნა.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სახალხო დღესასწაულის დაარსებიდან 50 წლის და ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის საიუბილეო თარიღებთან დაკავშირებით, ღონისძიება განსხვავებული კონცეფციით ჩატარდა, რომლის მთავარი თემა იყო დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ისტორია VI საუკუნიდან დღემდე.
,,გარეჯობას“ კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, პლატონ კალმახელიძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ კაკუტაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გილაშვილი ესწრებოდნენ.
დღესასწაულზე მისულ სტუმრებს სხვადასხვა თემატური სივრცე დახვდათ, გაიმართა ცხენოსანთა მსვლელობა, ასევე ჩატარდა ტრადიციული ქართული კერძების მასტერკლასები და ღვინის დეგუსტაცია.
ტერიტორიაზე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა თეატრალიზებული სცენა. ჩატარდა სპექტაკლი, სადაც მსახიობებმა ბექნუ ქაფიანიძემ და გია ჯაფარიძემ გააცოცხლეს გარეჯის ისტორია.
სპექტაკლის დასასრულს, ხელისუფლების წარმომადგენლებმა სახალხო დღესასწაულზე მოსულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს და “გარეჯობა” მიულოცეს.
,,გარეჯობის” დღესასწაულზე, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დასახელდნენ საპატიო გარეჯელები: ნინოწმინდისა და საგარეჯოს მთავარეპისკოპოსი ლუკა (ლომიძე), აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი (მახარაძე), გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა), ბიჭიკო სულიკაშვილი, გიორგი ზულიაშვილი, ბიძინა სონღულაშვილი და თენგიზ ოქროცვარიძე.
“გარეჯობა” კონცერტით დასრულდა, რომელშიც მონაწილეობდნენ – კულტურის სახლთან არსებული ფოლკლორული ანსამბლები: ,,გარეჯი“, ,,ჩინარი“, ,,ბერიკაცები“, ,,კასლეთილა”, ,,ლალე” და ,,პატარა გარეჯელები”, სტუდია ,,მი რე ლა” და ,,კამერტონი”, მომღერლები – ბექა ღვინაშვილი, გურამი ღვინაშვილი, სოფო ამირეჯიბი, რატი მეზვრიშვილი და და ნინი ორკოშნელი.