პლატონ კალმახელიძე სოფელ კისისხევში სტიქიის შედეგებს პირადად გაეცნო.

თელავში აქტიურად გრძელდება სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული და პარლამენტის წევრი ლევან მახაშვილი თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევში 12 ივლისის სტიქიის შედეგებს ადგილზე გაეცნენ. სოფელ კისისხევში არსებულ ხევში გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ქალაქ თელავში სტიქიის ზონაში რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილე ზაზა კვიციანი იმყოფებოდა. ზაზა კვიციანი კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ პლატონ კალმახელიძესთან, პარლამენტის წევრებთან გელა სამხარაულთან, ლევან მახაშვილთან, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო.
“12 ივლისის სტიქიის შედეგად ცივ-გომბორის ქედზე არსებული თითქმის ყველა ხევი გააქტიურდა და თელავისხევის ადიდების პარალელურად, მნიშვნელოვანი პრობლემები გამოიწვია სოფლებში – კისისხევი, შალაური და ვარდისუბანი. ამ დროისთვის ქალაქ თელავში მიმდინარე სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებთან ერთად, ასევე დავიწყეთ მძიმე ტექნიკის მეშვეობით გაწმენდითი სამუშაოები ზემოაღნიშნულ სოფლებში მდებარე ხევებზე. ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ვმუშაობთ თელავის მუნიციპალიტეტში მდებარე ხევებზე კომპლექსური სამუშაოების ჩატარებისათვის,”– აღნიშნა კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა პლატონ კალმახელიძემ.