პლატონ კალმახელიძე და ილია მზექალაშვილი ყვარლის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნენ

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული პლატონ კალმახელიძე და  ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი ილია მზექალაშვილი მუნიციპალიტეტის სოფლებში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნენ და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ.

მუნიციპალიტეტის სოფლებში – ბალღოჯიანი და კუჭატანი საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია  მიმდინარეობს.

სოფელ ბალღოჯიანში გზის  2190 მეტრი სიგრძის მონაკვეთზე იგება ორფენიანი ასფალტის  საფარი. პროექტის ჯამური ღირებულება 770 623 ლარს შეადგენს.

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტაციის ინფორმაციით, პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს მუნიციპალიტეტის სოფელ კუჭატანში გზის 537 მეტრი სიგრძის მონაკვეთზე ასფალტის საფარის დაგება და რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხების მოწყობა. სამუშაოების ჯამური ღირებულება 410 100 ლარს შეადგენს.

საგზაო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოები რეგიონული განვითარების ფონდიდან ფინანსდება.

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად, ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნენ და მოსახლეობას შეხვდნენ დელეგატის ბიუროს ხელმძღვანელი ზაზა ჩიკვაიძე და სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე გიორგი თუშიშვილი.