დედამიწის დღესთან დაკავშირებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტოს ინიციატივით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის N1 საჯარო სკოლაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა, რომლის ფარგლებში მოსწავლეებმა თემაზე „ტყე და დედამიწა“ პრეზენტაციები წარადგინეს.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში, სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე სიმბოლურად 22 ტუიას სახეობის ნერგი დაირგო, რომელთა მოვლა-პატრონობას თავად მოსწავლეები უზრუნველყოფენ.
ღონისძიებას კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, პლატონ კალმახელიძე, ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი ბესიკ ამირანაშვილი და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ კაკუტაშვილი ესწრებოდნენ.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებს ადრეული ასაკიდან ვასწავლოთ გარემოზე ზრუნვა. დედამიწის დღესთან დაკავშირებით, სახალისო და ამავდორულად, შემეცნებითი ხასიათის ღონისძიება ჩატარდა საგარეჯოში. ვფიქრობ, რომ ძალიან კარგია ბავშვებთან ერთად, მსგავსი ინიციატივების პერმანენტულად განხორციელება,“- აღნიშნა პლატონ კალმახელიძემ.
„დედამიწის დღესთან დაკავშირებით, მოსწავლეებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გავმართეთ. საზოგადოების გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ახალგაზრდების დაინტერესებას და მათ აქტიურობას. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ პროფესიული განათლების ხელშეწყობა და დარგში ახალგაზრდა კადრების მოზიდვა სატყეო რეფორმის ერთ-ერთ ძირითად კომპონენტს წარმოადგენს. იმედი გვაქვს, რომ სულ უფრო მეტი ადამიანი დაინტერესდება ტყის ეკოსისტემის დაცვით და შენარჩუნებით,“ – განაცხადა ბესიკ ამირანაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ დედამიწის დღე გარემოს დაცვისადმი მიძღვნილი საერთაშორისო დღეა, რომელიც 1970 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში დაარსდა. მისი ინიციატორი ამერიკელი სენატორი გეილორდ ნელსონი იყო.