დღეს, თელავში, ყურძნის ახალი მოსავლის ზეიმი „სთველი“ გაიმართა.
ბატონის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე წარმოდგენილი იყო მევენახე – ფერმერებისა და ღვინის მწარმოებელი კომპანიების ღვინოები. ტერიტორიაზე მოსული სტუმრებისთვის ჩატარდა თეატრალიზებული წარმოდგენა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ქართული კულტურისა და ხელოვნების წარმომადგენლებმა.
ღონისძიებას კახეთის მხრეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, მამუკა ბურდიაშვილი, სსიპ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის თავმჯდომარე, სოსო გიორგაძე, ფესტივალი „სთველის“ დამფუძნებელი, საქართველოს კულტურის პალატის ხელმძღვანელი, დავით ოქიტაშვილი, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, თენგიზ მთვარელიშვილი და თელავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, ფიქრია ყუშიტაშვილი დაესწრნენ.
ჩატარდა კონკურსი საუკეთესო ბლენდის შესაქმნელად. ზეიმში მონაწილე ღვინის კომპანიების მიერ წარმოდგენილი რამდენიმე ჯიშის ღვინოებიდან შეირჩა საუკეთესო ღვინოები. შერჩეული ღვინოებისგან შეიქმნა სპეციალური ბლენდი – „მეფე ერეკლეს ღვინო.”
პროფესიონალი სომელიებისა და დარგის სპეციალისტებისგან შემდგარმა ჟიურიმ გამოავლინა გამარჯვებული ბლენდის ავტორი.
ღონისძიების მიზანს წარმოადგენდა – ადგილობრივ ბაზარზე კახური ღვინისა და მათი, როგორც ადგილწარმოშობის ისტორიული დასახელებების პოპულარიზაცია.
ფესტივალის მხარდამჭერია – კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია და თელავის მუნიციპალიტეტის მერია.
ფესტივალის სპონსორები არიან:
– საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო;
– ღვინის ეროვნული სააგენტო;
– საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი „საქპატენტი;“
– შპს „შიოს მარანი;“
– შპს „ფორევერ ჯორჯია ტურ;“
– შპს „სენა ავტო.”