თელავის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი, ვაჟა მაღრაძე, “ბებია-პაპების კლუბის” წევრებს, კახეთის მხარეში სახელმწოფო რწმუნებულის მოადგილესთან, მამუკა ბურდიაშვილთან ერთად შეხვდა.
“დღეს, თელავში, მქონდა შესაძლებლობა შევხვედროდი „ბებია-პაპების კლუბის“ წევრებს. შეხვედრა თბილ და მეგობრულ გარემოში გაიმართა, რაც კიდევ ერთხელ მოწმობს ამ ადამიანების განსაკუთრებულ დამოკიდებულებას ერთმანეთისა და საზოგადოების მიმართ. სასიამოვნოა არა მხოლოდ კლუბის არსებობა, რომელიც აერთიანებს გამოცდილებითა და სითბოთი გამორჩეულ ადამიანებს, არამედ მათი აქტიური ინიციატივებიც, რომლებიც ყოველდღიურ ცხოვრებას უფრო ხალისიანსა და მრავალფეროვანს ხდის. შეხვედრას ესწრებოდა კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, მამუკა ბურდიაშვილი, რომლის ჩართულობამ დამატებით ხელი შეუწყო მიმდინარე საკითხების განხილვასა და საერთო ხედვების ჩამოყალიბებას. ვისაუბრეთ სამომავლო გეგმებზე, მათ საჭიროებებსა და იმ საკითხებზე, რომლებიც მათთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. გამოიკვეთა როგორც გამოწვევები, ასევე საინტერესო წინადადებები, რომელთა განხილვაც და განხორციელებაც, ვფიქრობ, ჩვენს ქალაქს ახალ ღირებულებებს შემატებს. ასეთი შეხვედრები გვაძლევს შესაძლებლობას, მეტი ყურადღება მივაქციოთ უფროსი თაობის საჭიროებებს და ერთობლივად შევეცადოთ, მათი გამოცდილება და იდეები სასიკეთოდ გამოვიყენოთ,” – განაცხადა ვაჟა მაღრაძემ.