გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ პლატონ კალმახელიძესთან ერთად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ქართული ხორბლის, პურის კულტურისა და მრავალსაუკუნოვანი ტრადიციებისადმი მიძღვნილ ფესტივალში „ალოობა 2026“ მიიღო მონაწილეობა.
„ქართული ხორბალი ჩვენი ქვეყნის ისტორიის, კულტურისა და ეროვნული იდენტობის განუყოფელი ნაწილია. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ქართულმა ხორბლის კულტურამ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა, ხოლო უახლესმა სამეცნიერო კვლევებმა საქართველო კიდევ ერთხელ წარმოაჩინა, როგორც პურის ხორბლის წარმოშობის ერთ-ერთი უძველესი კერა. ჩვენი მიზანია, შევინარჩუნოთ და განვავითაროთ ის უნიკალური გენეტიკური რესურსი, რომელიც საქართველოს კონკურენტულ უპირატესობას წარმოადგენს მსოფლიოში,”– განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მინისტრმა საკანონმდებლო, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილი თემატური სივრცეები დაათვალიერა, სადაც ქართული ხორბლის ენდემური სახეობები, აგრობიომრავალფეროვნება, ეთნოგრაფიული და სამეცნიერო ექსპოზიციები, პურის ცხობის ტრადიციული მეთოდები და ადგილობრივი მეწარმეების პროდუქცია იყო წარმოდგენილი.