დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არხილოსკალოში, ღვთისმშობლის ხარების სახელობის ტაძრის კურთხევას დაესწრნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, დავით სონღულაშვილი და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი.
ტაძრის კურთხევას ადგილობრივ მრევლთან ერთად ასევე დაესწრნენ პარლამენტის წევრი, გიორგი ბენაშვილი და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი, ნიკოლოზ ჯანიაშვილი.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, არხილოსკალოს ღვთისმშობლის ხარების სახელობის ტაძარი ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა, ხორნაბუჯისა და ჰერეთის დროებითმა მმართველმა, მეუფე თეოდორემ აკურთხა. ტაძარი 2002-2022 წლებში, ნიკოლოზ ბენიაიძის ხელმძღვანელობით და ადგილობრივი მოსახლეობის შემოწირულობებით აშენდა.