თუშეთში, სოფელ ომალოში, გაიმართა ,,თუშეთობა 2025.”
ღონისძიებას დგილობრივ მოსახლეობასთან და თუშეთში ჩასულ სტუმრებთან ერთად დაესწრნენ კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლევან ლილუაშვილი, ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი ალექსი ფიცხელაური, საკრებულოს თავმჯდომარე იოსებ ქარუმაშვილი.
ახმეტის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსი ფიცხელაურმა, დააჯილდოვა თუშეთის დაცული ტერიტორიების სააგენტოს რეინჯერი ემზარ მოზაიძე, მეცხვარეობის ტრადიციების გამგრძელებელი ბიძინა ლეკაიძე და თუშეთში აბანოს უღელტეხილზე ამოსული სტუმრის პირველი მასპინძელი ,,კაფე ღრუბლებს ზემოთ” დამფუძნებელი და მეპატრონე დაჯი ოშორიძე.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ,,თუშეთობა 2025” დაიწყო ტრადიციულად დოღით.
ღონისძიების ფარგლებში, გაიმართა ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლების, ინდივიდუალური შემსრულებლებისა და დები ზვიადაურების კონცერტი, ამასთან მოეწყო თექისა და ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა.
ტერიტორიაზე მისული სტუმრებისთვის ჩატარდა ტრადიციული თუშური კერძების დეგუსტაცია.