საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურული განახლების პროცესთან დაკავშირებით სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ, რეგიონული განვითარების მინისტრმა კახაბერ გულედანმა და მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორმა გიორგი შონიამ.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრებმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილეს სკოლების ინფრასტრუქტურული განვითარების მნიშვნელობაზე და აღნიშნეს, რომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მშენებლობა და რეაბილიტაცია საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს.
შეხვედრაზე მონაწილეებს მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლებმა თითოეული პროექტის მიმდინარე სტატუსი, დაგეგმილი ღონისძიებები და განხორციელების ვადები გააცნეს.
აღინიშნა, რომ სახელმწიფო უწყებები ინტენსიურ რეჟიმში მუშაობენ სკოლების პროექტების მართვის პროცესში იდენტიფიცირებული გამოწვევების გადაჭრის მიზნით, რათა შეიქმნას უსაფრთხო, თანამედროვე და სრულფასოვანი საგანმანათლებლო გარემო.
ამ ეტაპზე, გაუქმებული საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსგან (ESIDA) მუნიციპალური განვითარების ფონდისთვის უფლებამონაცვლეობით გადაცემული 77 ობიექტის დასასრულებლად, ჯამში 425 მილიონი ლარის ღირებულების სამუშაოები ხორციელდება. მათ შორის, აქტიურ ფაზაშია 53 ახალი სკოლის მშენებლობა, 14 სკოლის სრული რეაბილიტაცია და 10 სკოლის პროექტირება.
პროცესების დაჩქარებისა და რესურსების ეფექტიანად გამოყენების მიზნით, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ პრიორიტეტულად განსაზღვრულ 13 სკოლაზე უკვე გამოცხადებულია პროექტირებისა და მშენებლობის ერთიანი შესყიდვა, ხოლო ერთ სკოლაზე – სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა.
10 სკოლისთვის მზადდება ახალი საპროექტო გადაწყვეტა, რომელიც 2026 წლის განმავლობაში, როგორც განმეორებადი მოდელი, დამატებით დაახლოებით 30 სკოლაზე იქნება გამოყენებული.
ESIDA-სგან გადაცემულ პროექტებთან მუშაობის პარალელურად, ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, სახელმწიფო და საერთაშორისო პარტნიორების თანადაფინანსებით, 53 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციასა და 45 სკოლის პროექტირებას ახორციელებს.