თელავის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი, ვაჟა მაღრაძე, ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა სოფელ ნაფარეულსა და ლაფანყურში. როგორც ვაჟა მაღრაძემ აღნიშნა, სწორედ ერთობლი ძალისხმევით არის შესაძლებელი მუნიციპალიტეტის განვითარება.
“საარჩევნო კამპანიის პერიოდში, მოსახლეობასთან შეხვედრებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ჩემთვის, თუმცა, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს არ არის მხოლოდ წინასაარჩევნო ფორმატით დაგეგმილი პროცესი. ადამიანებთან უშუალო ურთიერთობა და დიალოგი ჩემი საქმიანობის მუდმივი მიმართულება იქნება მომავალშიც. შეხვედრებზე განსაკუთრებით გამოიკვეთა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა სასმელი წყლის ხელმისაწვდომობა, სანიაღვრე სისტემების გაუმჯობესება, შიდა საუბნო გზების მოწესრიგება, ასევე ახალგაზრდების სპორტული საჭიროებების უზრუნველყოფა. ამასთან, ადგილობრივების თქმით, უკვე განხორციელებულია არაერთი წარმატებული პროექტი, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ განვითარება ეტაპობრივად მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ რთვლის სეზონისა და დროის სიმცირის მიუხედავად, მოსახლეობა მაინც პოულობს შესაძლებლობას, შეხვედრებში მიიღოს მონაწილეობა. გულწრფელად მადლობას ვუხდი თითოეულ მათგანს აქტიური ჩართულობისა და მხარდაჭერისთვის, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ ჩვენი მუნიციპალიტეტის განვითარებას,” – განაცხადა ვაჟა მაღრაძემ.