ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სამ სოფელში საბავშვო ბაღები გაიხსნა.

ახალი საბავშვო ბაღები გაიხსნა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სამ სოფელში – ჭიაური, ჩადუნიანი და მსხალგორი.
ბაღების გახსნას დაესწრნენ კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი, ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, ილია ბეგიაშვილი, პარლამენტის წევრები – ირაკლი ქადაგიშვილი და გურამ მაჭარაშვილი, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერი, ჯონდო მდივნიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე, კარლო ჯამბურია.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სოფლების – მსხალგორისა და ჩადუნიანის სააღმზრდელო დაწესებულებები 50-50 აღსაზრდელზეა გათვლილი, ხოლო სოფელ ჭიაურის სააღმზრდელო დაწესებულება გათვლილია 75 აღსაზრდელზე. საბავშვო ბაღების მშენებლობასთან ერთად, განხორციელდა ეზოს კეთილმოწყობა, ასევე მოეწყო საბავშვო გასართობი მოედნები.
საბავშო ბაღების მშენებლობა დაფინანსდა მუნიციპალური განვითარების ფონდიდან.
შეგახსენებთ, რომ 2021 წლიდან ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში აშენდა 12 ახალი საბავშო ბაღი, რომლის ღირებულებამაც ჯამურად შეადგინა 21 790 973 ლარი.