დღეს, თელავში, 18:30 საათზე საზეიმოდ აინთება ქალაქის მთავარი ნაძვის ხე.

ქალაქ თელავში, თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე, „ახალი წლის დღეების“ ფარგლებში საახალწლო ღონისძიებების სამზადისი აქტიურად მიმდინარეობს.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ღონისძიებები 17:00 საათიდან დაიწყება, ხოლო 18:30 საათზე საზეიმოდ აინთება ქალაქის მთავარი ნაძვის ხე.
საახალწლო ღონისძიებები, რომლებიც საქართველოს მთავრობის, კულტურის სამინისტროსა და „შემოქმედებითი საქართველოს“ მხარდაჭერით იმართება, მოიცავს საბავშვო აქტივობებს, ზღაპრის გმირების წარმოდგენებსა და მუსიკალურ ნომრებს. ღონისძიებაზე მოსულ პატარებს თოვლის პაპა დაასაჩუქრებს.
გალა კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ: თაკო მელიქიშვილი, ქეთი გომართელი, თამთა ჭელიძე, ჯემალ სეფიაშვილი, ცისანა სეფიაშვილი, ენრიკო ჯანელიძე, რომა რცხილაძე, მარიამ მამისმედიშვილი, ჯგუფი „ალეგრო“, ჯგუფი „ბანი“, რეზო და ბავშვები.