ყვარელში, ილიაობა, ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსახლეობასთან ერთად აღნიშნეს.

დღეს, ყვარელში, ილია ჭავჭავაძის 188 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მრავალფეროვანი ღონისძიებები გაიმართა.
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით მოეწყო საგამოფენო და საბავშვო სივრცეები, პავილიონები, ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა.
ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო მუზეუმის ეზოში აღევლინა წმინდა ილია მართლის პარაკლისი.
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ალადაშვილმა, ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა ილია მზექალაშვილმა, პარლამენტის წევრებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ყვარელში “ილიას გორაზე” მდებარე ილია ჭავჭავაძის ძეგლი გვირგვინით შეამკეს და პატივი მიაგეს მის ხსოვნას.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს მუზეუმი.
ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო მუზეუმის ეზოში მდებარე ღვინის მარანში ჩატარდა კახური მასტერკლასები: პურის ცხობა, თათარაობა და ღვინის დეგუსტაცია. წარმოდგენილი იყო ასევე ყვარლის მუნიციპალიტეტში შემავალი ადმინისტრაციული ერთეულების მონაწილეობით კულინარიული სივრცეები.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა ყვარლის მოსახლეობას და დღესასწაულზე ჩამოსულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს და “ილიაობა” მიულოცეს.
ილია ჭავჭავაძის 188-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები დასრულდა ანსამბლ „ქართული ხმების“ კონცერტით.