“ეტაპობრივად, სრულად მოწესრიგდება საგზაო ინფრასტრუქტურა,” – ვახტანგ კაკუტაშვილი.

“ქართული ოცნების” მერობის კანდიდატი საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, ვახტანგ კაკუტაშვილი, ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და აღნიშნა რომ საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება კვლავ აქტუალური საკითხი იქნება.
“ქალაქ საგარეჯოში ე.წ „გაღმაუნის” მცხოვრებლებს შევხვდი. მათ შორის, ერთი შეხვედრა ჯაფარიძის ქუჩაზე, ახლად რეაბილიტირებულ სკვერში გავმართეთ. მინდა აღვნიშნო, რომ პატარებისთვის ერთ-ერთი ყველაზე კეთილმოწყობილი და გამორჩეული სივრცეა შექმნილი და ვფიქრობ, მსგავსი სკვერები მინი სტადიონებთან ერთად, სხვა უბნებშიც უნდა მოეწყოს.
ამ დასახლებაში რამდენიმე მნიშვნელოვანი შიდა გზა მოასფალტდა, მაგრამ დარჩენილია უბნები, სადაც დროულად არის მოსაწესრიგებელი აღნიშნული საკითხი, რადგან უამინდობისას რთულდება ავტომობილით გადაადგილება.
თუმცა, ჩემთვის ცნობილია, რომ უკვე დაგეგმილია კიდევ რამდენიმე უბნის მოასფალტება და უახლოეს მომავალში დაიწყება სამუშაოები.
აქ მცხოვრებ საზოგადოებას ვპირდები, რომ აუცილებლად გაგრძელდება პროცესი და ეტაპობრივად, სრულად მოწესრიგდება საგზაო ინფრასტრუქტურა,” – განაცხადა ვახტანგ კაკუტაშვულმა.