თელავში, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩაერთნენ კახეთის რეგიონის რვავე მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლები.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სტიქიის ზონაში მიმდინარე სალიკვიდაციო სამუშაოებს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული პლატონ კალმახელიძე, თელავის მუნიციპალიტეტის მერი ვაჟა მაღრაძე, პარლამენტის წევრები ირაკლი ქადაგიშვილი და გელა სამხარაული, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე მამუკა ბურდიაშვილი, თელავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები-გიორგი ყარაულაშვილი, გიორგი ქართლელიშვილი, გიგა მამუკელაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნენ.
რეგიონის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებმა მერებთან და საკრებულოების თავმჯდომარეებთან ერთად წინასწარ განსაზღვრულ ლოკაციებზე სტიქიის შედეგად დაზიანებული ქალაქის ქუჩები, სკვერები, საცხოვრებელი კორპუსების ეზოები და მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს.
თელავში სტიქიის მეორე დღეს მძიმე ტექნიკის მუშაოების პარალელურად მობილიზებულია ცოცხალი ძალა, რეგიონის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებული მოხალისე ჯგუფების სახით.
თელავში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში ასევე ჩაერთნენ “ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლები ვარლამ ლიპარტელიანის ხელმძღვანელობით.