ნიკო სულხანიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებელში „შალვა დავითაშვილის სახელობის მუსიკოსთა კონკურს-ფესტივალი თელავში,“ დასრულდა საზეიმო კონცერტითა და დაჯილდოების ცერემონიით.
წელს, თელავში გამართულ „შალვა დავითაშვილის სახელობის მუსიკოსთა კონკურს-ფესტივალზე,“ საქართველოდან 700-ზე მეტმა მონაწილემ, ხოლო 25-მა კონკურსანტმა საფრანგეთიდან, თურქეთიდან, გერმანიიდან და იტალიიდან მიიღო მონაწილეობა.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ფესტივალის დახურვის ღონისძიებას დაესწრო თელავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გიგა მამუკელაშვილი, რომელმაც ტრადიციული ჯილდო – „თელავის მუნიციპალიტეტის მერის რჩეული,“ გადასცა თელავის II სამუსიკო სკოლის მოსწავლეს მალხაზ კირვალიძეს. გამარჯვებულს გადაეცა შესაბამისი სიგელი და პრიზი.
ფესტივალის ფარგლებში საკუთარი შემოქმედება წარადგინეს ახალგაზრდა მუსიკოსებმა, ხოლო კომპეტენტურმა ჟიურიმ გამოავლინა გამარჯვებულები, რომლებიც დაჯილდოვდნენ სიგელებით, მედლებითა და ფესტივალის ტრადიციული პრიზებით.
აღსანიშნავია, რომ „შალვა დავითაშვილის სახელობის მუსიკოსთა კონკურს-ფესტივალი თელავში“ 2016 წელს დაარსდა დაწარმოადგენს ახალგაზრდა მუსიკოსების მხარდაჭერის მნიშვნელოვან პლატფორმას.
შეგახსენებთ, რომ 2026 წლის ფესტივალი უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ხსოვნას მიეძღვნა.