კახეთში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, კამპანია „ეკომეგობრული კახეთი 2026“ დასრულდა მასშტაბური ეკოფესტივალით.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ადგილობრივი მუნიციპალიტეტებისა და ასოციაცია “ვეისთლესის” ერთობლივი თანამშრომლობით დაწყებული კამპანია – „ეკომეგობრული კახეთი 2026,“ რეგიონის რვავე მუნიციპალიტეტში შერჩეულ 35 საჯარო სკოლაში 2 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და მიზნად ისახავდა გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას, ელექტრონარჩენების სწორი მართვის პოპულარიზაციასა და ახალგაზრდების აქტიურ ჩართულობას.
რეგიონის 35 საჯარო სკოლაში განთავსდა „ვეისთლესის” სპეციალური ყუთები ელექტრონარჩენების შესაგროვებლად, სადაც მოსწავლეები 2 კვირის განმავლობაში აგროვებდნენ სხვადასხვა სახის ელექტრონარჩენს. კონკურსის პირობა იყო 3 გამარჯვებული სკოლის გამოვლენა, რომელთა მოსწავლეებიც ყველაზე მეტ ელექტრონარჩენს მოუყრიდნენ თავს. კონკურსის ფარგლებში, რეგიონის მასშტაბით 47 205 კგ ელექტრონარჩენი შეგროვდა.
ასოციაცია „ვეისთლესმა” ფესტივალის ფარგლებში გამარჯვებულ სამ სკოლას ფულადი ჯილდო გადასცა:
I ადგილი – ქალაქ ლაგოდეხის №1 საჯარო სკოლა – შეაგროვეს 9 450 კგ. ელექტრონარჩენი;
II ადგილი – მიხეილ გაფრინდაშვილის სახელობის ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ აფენის №1 საჯარო სკოლა – შეაგროვეს 4 670 კგ. ელექტრონარჩენი;
III ადგილი – ლაგოდეხის სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლა, შეაგროვეს 4 475 კგ ელექტრონარჩენი.
ღონისძიებას დაესწრო კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული პლატონ კალმახელიძე საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძესთან, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილთან, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერ ჯონდო მდივნიშვილთან და „ვეისთლესის” თავმჯდომარე გიორგი გულიაშვილთან ერთად.