საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ პლატონ კალმახელიძესთან და პარლამენტის წევრ ირაკლი ქადაგიშვილთან ერთად, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალთან შეხვედრა გამართა.
მინისტრმა, უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებთან ერთად, უმაღლესი განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმის ძირითადი მიმართულებები და მის ფარგლებში განსახორციელებელი ინიციატივები განიხილა.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საუბარი შეეხო რეგიონული უნივერსიტეტების გაძლიერების მხარდაჭერას, უმაღლესი განათლების ხარისხის გაუმჯობესებას, აკადემიური პროგრამების განვითარებას, სტუდენტთა კვოტების განაწილებასა და კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობას.
დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ და უნივერსიტეტის რექტორმა შალვა ჭკადუამ.
უნივერსიტეტის თანამშრომლებმა აქტუალურ საკითხებზე ამომწურავი ინფორმაცია უშუალოდ მინისტრისგან მიიღეს და მას თავიანთი პოზიციები და მოსაზრებები გააცნეს.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.