კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული პლატონ კალმახელიძე და თელავის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გიორგი ყარაულაშვილი სოფლებში – შალაურსა და კურდღელაურში საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას ადგილზე გაეცნენ.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებში – შალაური და კურდღელაური, პარალელურ რეჟიმში შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. სამუშაოების დასრულების შემდეგ, სოფელ შალაურში, გზის 384 მეტრი სიგრძის მონაკვეთზე, ხოლო სოფელ კურდღელაურში, გზის 263 მეტრი სიგრძის მონაკვეთზე მოეწყობა ორფენიანი ასფალტის საფარი და სანიაღვრე სისტემა.
საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და პროექტების ჯამური ღირებულება შეადგენს 403 277 ლარს.
მიმდინარე წელს, თელავის მუნიციპალიტეტში გზების ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით 19 პროექტი განხორციელდება, სამუშაოების ჯამური ღირებულება შეადგენს 6 043 099 ლარს.