პლატონ კალმახელიძემ და ვაჟა მაღრაძემ თელავისხევზე მისასვლელი გზა დაათვალიერეს.

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა პლატონ კალმახელიძემ თელავის მუნიციპალიტეტის მერთან ვაჟა მაღრაძესთან და საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ თხლაშიძესთან ერთად მდინარე თელავისხევზე მდებარე დამცავი დამბა და მიმდებარე ტერიტორია დაათვალიერა.
12 ივლისის სტიქიიის შედეგად დამბებთან მისასვლელი გზა და მიმდებარე ტერიტორია ნატანი მასალისგან ჩაიხერგა. მძიმე ტექნიკის მობილიზებისა და ინტენსიური მუშაობის შედეგად ერთ დამბასთან მისასვლელი გზა გაწმენდილია. ამ დროისთვის დარჩენილ ორ დაბასთან მისასვლელი გზის გაწმენდა მიმდინარეობს.
“თელავისხევზე მდებარე სამ დამბასთან მისასვლელი გზა სტიქიის დროს მნიშვნელოვნად დაზიანდა. ამჟამად მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაობი, რათა მოხდეს სამივე დამბის სრულყოფილი დათვალიერება და საინჟინრო – გეოლოგიური შესწავლა. 2022 წელს თელავისხევზე მდებარე 3 დამბა სრულად იქნა გაწმენდილი, რამაც განაპირობა ის გარემოება, რომ უფრო ცუდი შედეგი არ დადგა 12 ივლისის სტიქიის დროს,” – აღნიშნა პლატონ კალმახელიძემ კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, თელავში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება. დღეს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლები ქალაქის დატბორილი ერთ – ერთი ქუჩისა და სკვერის დასუფთავების სამუშაოებში მოხალისეობრივად ჩაერთნენ.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული პლატონ კალმახელიძე გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებს შეხვდა და მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა.