ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ აბიტურიენტებთან შეხვედრა გაიმართა.
აბიტურიენტებისთვის გამართულ ღონისძიებას კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული პლატონ კალმახელიძე, პარლამენტის წევრები – ირაკლი ქადაგიშვილი, გურამ მაჭარაშვილი, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერი, ჯონდო მდივნიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე კარლო ჯამბურია დაესწრნენ.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ხელისუფლების წარმომადგენლებმა ლაგოდეხის ტყე-პარკის ტერიტორიაზე მოწვეულ ახალგაზრდებს სიტყვით მიმართეს და ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარება უსურვეს.
მიმდინარე წელს, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლები 355-მა ახალგაზრდამ დაამთავრა და ისინი ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის ემზადებიან.
აბიტურიენტებს სკოლის დამთავრება ასევე მიულოცეს მომავალმა პირველკლასელებმა და სცენაზე პერფორმანსით წარსდგნენ.
აბიტურიენტებთან შეხვედრა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის ჯონდო მდივნიშვილის ინიციატივით ყოველწლიურად იმართება და მიზნად ისახავს ახალგაზრდების მხარდაჭერას, მათი მოტივაციის ამაღლებასა და მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროგრამების გაცნობას.