თელავის სპორტის სასახლეში, საქართველოს საბრძოლო ლიგის ორგანიზებითა და კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების მხარდაჭერით, ჩატარდა შერეული საბრძოლო ხელოვნებების მასშტაბური სპორტული შეჯიბრი, სადაც მაყურებელმა იხილა ქართველი და უცხოელი სპორტსმენების დაპირისპირება.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ღონისძიების მთავარ მიზანს წარმოადგენს სპორტის პოპულარიზაცია და ლიგის განვითარება.
ღონისძიებას დაესწრნენ კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული პლატონ კალმახელიძე, რეგიონული განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე ლევან ზაუტაშვილი, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე მამუკა ბურდიაშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობების ხელმძღვანელი პირები და გულშემატკივრები.
აღსანიშნავია, რომ წლის ბოლოს საქართველოს საბრძოლო ლიგა (GCL) გრანდიოზულ ფინალურ ღონისძიებას გამართავს თბილისში, რომელსაც მაყურებელთან ერთად დაესწრებიან უცხოელი სპორტული აგენტებიც, რაც პერსპექტიული ქართველი სპორტსმენების აღმოჩენასა და საერთაშორისო სპორტულ სივრცეში მათ წარმოჩენას შეუწყობს ხელს.