თელავის საფეხბურთო სტადიონის პროექტირება გრძელდება.

ქვეყანაში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამის ფარგლებში, თელავში ახალი უეფას III კატეგორიის სტადიონის პროექტირებაც აქტიურ ფაზაშია.
საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე სტადიონის პროექტის ავტორებს – არქიტექტორებს თელავში შეხვდა და მათთან ერთად პროექტირების მიმდინარეობა განიხილა. შეხვედრაზე იმსჯელეს შესრულებულ სამუშაოებზე, მიმდინარე ეტაპსა და პროექტის განხორციელების შემდგომ ნაბიჯებზე.
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის მიხედვით, თელავში არსებული ამორტიზებული სტადიონის ნაცვლად აშენდება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, 4 500 მაყურებელზე გათვლილი უეფას III კატეგორიის სტადიონი.
ახალი სტადიონი მოიცავს გასახდელებს, საშხაპეებს, სამედიცინო და ფიზიოთერაპიის ოთახებს, დოპინგ-კონტროლის სივრცეს, საკონფერენციო დარბაზსა და მედიაცენტრს. ასევე გათვალისწინებულია განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებისთვის ადაპტირებული ინფრასტრუქტურა, ავტოსადგომი და თანამედროვე სარწყავი, უსაფრთხოების, განათებისა და აუდიო-ვიზუალური სისტემები.
პროექტირების დასრულების შემდეგ, მუნიციოალური განვითარების ფონდი გამოაცხადებს სტადიონის მშენებლობის ტენდერს.