კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული პლატონ კალმახელიძე, ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი ალექსი ფიცხელაური და საკრებულოს თავმჯდომარე იოსებ ქარუმაშვილი, მუნიციპალიტეტის ორ სოფელში ადილზე გაეცნენ სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობას.
სოფლებში – ზემო და ქვემო ალვანი, პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს მრავალფუნქციური სპორტული დარბაზების მშენებლობა.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სპორტული დარბაზების მშენებლობის პროექტები ხორციელდება რეგიონული განვითარების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით, ხოლო სამუშაოების ჯამური ღირებულება შეადგენს 1 000 000 ლარს.
პლატონ კალმახელიძე ინფრასტრუქტურული სამუშაო პროცესის გაცნობის პარალელურად, ასევე შეხვდა ადგილობრივ მოსახლეობას და მათგან მოისმინა ინფორმაცია სოფლებში არესბული საჭიროებების შესახებ. ზემო ალვანში მოსახლეობამ მოსაგვარებელ საკითხებად დაასახელა კულტურის სახლის რეაბლიტაცია და N1 საჯარო სკოლაში სპორტული დარბაზის მშენებლობა, ხოლო ქვემო ალვანში, მოსახლეობასთან შეხვედრაზე, დასახელდა ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის მემორიალის მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერის მოწყობა.
“სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება რეგიონებში, ჩვენი მთავრობის ერთ – ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. ახმეტის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში ადგილზე გავეცანით სპორტული დარბაზების მშენებლობას, რაც ახალგაზრდებში ჯანსაღი წესის დამკვიდრებას შეუწყობს ხელს. მოსახლეობასთან უშუალო კომუნიკაცია ჩემი ყოველდღიური, სამუშაო გრაფიკის შემადგენელი ნაწილია, აქტიურად გავაგრძელებ რეგიონის მუნიციპალიტეტებში გასვლით შეხვედრებს და მაქსიმალურად მოკლე დროში შევეცდებით ადგილზე არსებულ პრობლემურ საკითხებზე მყისიერ რეაგირებას,” – აღნიშნა კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა პლატონ კალმახელიძემ.