სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, მამუკა მდინარაძე უხელმძღვანელებს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალი უფროსი, მამუკა მდინარაძე, უწყების თანამშრომლებს წარუდგინა. პრემიერმა ხაზი გაუსვა მამუკა მდინარაძის მაღალ კვალიფიკაციასა და პროფესიონალიზმს, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ უფროსს, ანრი ოხანაშვილს, გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.
“სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შემდგომი გაძლიერება ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია. ამაში ანრი ოხანაშვილმა შეიტანა ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი. ის არის გამორჩეულად კეთილსინდისიერი, უპატიოსნესი ადამიანი და ასე უძღვებოდა სამსახურის საქმიანობას მთელი ამ პერიოდის განმავლობაში.
როგორც აღვნიშნე, მამუკა მდინარაძე, მთელი ამ წლების განმავლობაში, იყო მმართველი გუნდის ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერი და სხვადასხვა მიმართულებით ის წარმატებით უზრუნველყოფდა წინსვლას, განვითარებას, მნიშვნელოვანი წვლილი შეჰქონდა ჩვენი ქვეყნის განვითარებაში, მისი უსაფრთხოების გამტკიცებაში. ის წლების განმავლობაში წარმატებით საქმიანობდა სამართალდამცავ სტრუქტურებში და შესაბამისად, აქვს ზუსტად იმ პროფილის გამოცდილება, რაც მას ძალიან დაეხმარება ამ სამსახურის წარმატებულ ხელმძღვანელობაში,” – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ.