კახეთში გაიმართა ღონისძიება – ,,ინსპირაციული შეხვედრა.“
გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა ანა ბუხრაშვილმა, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა პლატონ კალმახელიძემ, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერმა ჯონდო მდივნიშვილმა და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი მაჭავარიანმა.
ღონისძიებას ესწრებოდა 400-მდე ახალგაზრდა. ინსპირაციული შეხვედრის ფარგლებში, მოწვეული სპიკერები იყვნენ: ავტომრბოლელი იან მარდენბოროუ და ახალგაზრდა მეწარმე ვინსენტ ფონ პრეუშენი. მათ ახალგაზრდებს საკუთარი ცოდნა და გამოცდილება გაუზიარეს სხვადასხვა საინტერესო საკითხზე. ღონისძიება მოიცავდა შემეცნებით და გასართობ აქტივობებს, მათ შორის, გათამაშებას, ფოტოზონას და სხვა.
ახალგაზრდობის სააგენტოს ინფორმაციით, პროექტის – ,,ინსპირაციული შეხვედრა” მიზანია ახალგაზრდებში თვითრწმენის გაძლიერება, მოტივაციის ამაღლება და შთაგონების ახალი წყაროების შექმნა, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მათ პიროვნულ განვითარებასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურ ინტეგრაციას.
ღონისძიება ხორციელდება ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებით, კახეთის მხარესთან თანამშრომლობით.