კახეთში, რთველის მიმდინარეობის პროცესს გაეცნო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი.
მინისტრმა მადლობა გადაუხადა რთველის საკოორდინაციო შტაბის წევრებს და რეგიონული სამსახურების წარმომადგენლებს, მოსავლის ორგანიზებული დაბინავების უზრუნველყოფისთვის და იმედი გამოთქვა, რომ მიმდინარე წლის რთველი იქნება წარმატებული და ქართული ღვინის საექსპორტო პოზიციები საერთაშორისო ბაზრებზე კიდევ უფრო გაძლიერდება.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გურჯაანში, რთველის საკოორდინაციო შტაბში გამართულ შეხვედრას დაესწრნენ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი, პარლამენტის წევრები – ირაკლი ქადაგიშვილი, დავით მათიკაშვილი და კახეთის მუნიციპალიტეტების მერები.
ლევან მეხუზლამ შეხვედრის მონაწილეებს ოპერატიული ინფორმაცია წარუდგინა გადამუშავებული ყურძნისა და მოსავლის დაბინავების პროცესის შესახებ.
აღსანიშნავია, რომ 6 სექტემბრის მონაცემებით, ღვინის საწარმოებმა 12 ათასამდე ტონა ყურძენი გადაამუშავეს. ამ ეტაპზე რთველი აქტიურად მიმდინარეობს დედოფლისწყაროს და სიღნაღის მუნიციპალიტეტებში.