კახეთში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას სააღდგომო ნობათი გადასცეს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ პლატონ კალმახელიძესთან ერთად, წინასააღდგომოდ, კახეთის რეგიონში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას შეხვდა.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ხელისუფლების წარმომადგენლები თელავისა და გურჯაანის კომპაქტურ ჩასახლებებში იმყოფებოდნენ, სადაც არსებულ საჭიროებებს ადგილზე გაეცნენ, დევნილ მოსახლეობას გაესაუბრნენ და გადასცეს სადღესასწაულო ნობათები.
შეხვედრაში, ასევე მონაწილეობდნენ აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, აფხაზეთის მთავრობის აპარატის უფროსი გიორგი სუთიძე, თელავისა და გურჯაანის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
აფხაზეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, სააღდგომო ნობათს მიიღებენ აფხაზეთიდან დევნილი, უკიდურესად შეჭირვებული ოჯახები, მთელი ქვეყნის მასშტაბით.