თელავის ისტორიულ მუზეუმში, ქალაქ თელავის მერაბ კოსტავას სახელობის IV საჯარო სკოლის ადმინისტრაციის ორგანიზებითა და სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ხსოვნის პატივსაცემად ჩატარდა შემეცნებითი ხასიათის ღონისძიება.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებას თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ თხლაშიძესთან და მერის მოადგილე გიგა მამუკელაშვილთან ერთად დაესწრო კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული პლატონ კალმახელიძე.
“ერის სულიერი მამა, ჩვენი კათოლიკოს – პატრიარქი, უდიდეს სიყვარულს გამოხატავდა ადამიანების მიმართ. სწორედ ამიტომ, ჩვენი საზოგადოების თითოეულ წარმომადგენელს, ბუნებრივია აქვს სურვილი, რომ ანალოგიური პატივისცემა და სიყვარული გამოხატოს კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნის მიმართ. რამდენიმე დღეში შესრულდება მისი უწმინდესობის გარდაცვალებიდან ორმოცი დღე და გვსურს, კიდევ ერთხელ გამოვხატოთ მადლიერება ჩვენი პატრიარქის ღვაწლის წინაშე. ვისარგებლებ შემთხვევით და მადლობას ვუხდი ღონისძიების ორგანიზებაში ჩართულ ყველა მხარეს – თელავის ისტორიული მუზეუმის ადმინისტრაციას, IV საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს,”– აღნიშნა კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა პლატონ კალმახელიძემ.