თელავში საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი გაიხსნა.

თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში, საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი გაიხსნა.
ღონისძიებას კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე გიორგი თუშიშვილი, პარლამენტის წევრი გელა სამხარაული, დელეგატის ბიუროს ხელმძღვანელი ზაზა ჩიკვაიძე, მერის მოადგილეები – გიგა მამუკელაშვილი და გიორგი ქართლელიშვილი დაესწრნენ.
ფესტივალი საქართველოს სახელმწიფო საგუნდო კაპელამ გახსნა. საერთაშორისო ფესტივალი თელავში, ცნობილმა პიანისტმა, ელისო ვირსალაძემ 42 წლის წინ დააარსა.
საფესტივალო პროგრამა ძირითადად ახალგაზრდა მუსიკოსების გამოსვლებს მოიცავს, ჩატარდება გამოფენები, ასევე გაიმართება ფილმების ჩვენება და თემატური დისკუსიები, ფესტივალის კულმინაცია კი, ელისო ვირსალაძის ორი კონცერტი იქნება.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნეულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საერთაშორისო მუსიკის ფესტივალი თელავში, 19 სექტემბრიდან 26 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
ფესტივალის მხარდამჭერია საქართველოს კულტურის სამინისტრო და თელავის მუნიციპალიტეტის მერია.