საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი, ვახტანგ კაკუტაშვილი, ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან, გიორგი ალადაშვილთან და მის მოადგილე მამუკა ბურდიაშვილთან ერთად.
როგორც ვახტანგ კაკუტაშვილმა აღნიშნა, მისი მიზანია, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის კიდევ უფრო განვითარება სხვადასხვა პრიორიტეტული მიმართულებით.
“მორიგი ხალხმრავალი შეხვედრა მქონდა ქალაქ საგარეჯოში ქურდიანის ქუჩაზე. შეხვედრას სახელმწიფო რწმუნებული კახეთის მხარეში გიორგი ალადაშვილი და მოადგილე მამუკა ბურდიაშვილი ესწრებოდნენ. შეკრებილ საზოგადოებასთან ვისაუბრეთ დღეისათვის არსებულ საჭიროებებზე. მიხარია, რომ მუნიციპალიტეტში მცხოვრებთა უმრავლესობა გულწრფელ ემოციებსა და მადლიერებას გამოხატავს ბოლო 4 წლის განმავლობაში განხორციელებულ პროექტებზე და დარწმუნებული ვარ, ეს განწყობა მომავალშიც შენარჩუნდება, ერთობლივი მუშაობის შედეგად. ჩემი მიზანია, საგარეჯო იყოს ერთ-ერთი გამორჩეული ქალაქი, როგორც ინფრასტრუქტურული, ისე საგანმანათლებლო, სპორტული, ტურისტული პროექტებით. ამისთვის მუდმივად არის ცენტრალური ხელისუფლებისგან მზაობა, მაგრამ უმნიშვნელოვანესი და გადამწყვეტია აქ მცხოვრებთა თანადგომა და მხარდაჭერა,” – განაცხადა ვახტანგ კაკუტაშვილმა.