ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ქვეყნის მასშტაბით მწვანე ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამას იწყებს. პროექტის ფარგლებში ფონდმა უკვე შეიძინა 15 500 მერქნიანი, მარადმწვანე და ფოთლოვანი დიდვარჯიანი ნერგი, რომლებიც ეტაპობრივად საქართველოს ყველა რეგიონში დაირგვება.
პროგრამა „მწვანე ინფრასტრუქტურა მდგრადი მომავლისთვის“ ეფუძნება თანამედროვე ინფრასტრუქტურის განვითარების პრინციპს, რომლის მიხედვითაც ინფრასტრუქტურა მხოლოდ ახალი ობიექტების მშენებლობას არ გულისხმობს. თანამედროვე მიდგომით, გზა, სკოლა, საბავშვო ბაღი, სპორტული თუ სარეკრეაციო სივრცე სრულ ღირებულებას მაშინ ქმნის, როდესაც ის ჰარმონიულად ერწყმის გარემოს და ადამიანებს ჯანსაღ, უსაფრთხო და ეკოლოგიურად მდგრად გარემოს სთავაზობს.
სწორედ ამიტომ, ინფრასტრუქტურული პროექტების განუყოფელი ნაწილია მწვანე ლანდშაფტის განვითარება, გარემოზე ზრუნვა და საჯარო სივრცეების გამწვანება.
პროგრამის მიზანია საჯარო ურბანული და სარეკრეაციო სივრცეების გაუმჯობესება, ეკოლოგიური ბალანსის გაძლიერება და თანამედროვე, ადამიანზე ორიენტირებული გარემოს შექმნა.
დარგვითი სამუშაოები განხორციელდება აგროტექნიკური სტანდარტების სრული დაცვით და მოიცავს ახლად რეაბილიტირებული და მშენებარე სკოლებისა და საბავშვო ბაღების ეზოების გამწვანებას, გზაგამყოფი ზოლებისა და სატრანსპორტო კუნძულების ლანდშაფტურ მოწყობას, დეგრადირებული მწვანე ნარგაობების ჩანაცვლებასა და სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ახალი მწვანე სივრცეების შექმნას.
ხე-მცენარეების შერჩევის პროცესში გათვალისწინებულია საქართველოს ბუნებრივი პირობები და რეგიონული თავისებურებები. ნერგები შერჩეულია ადგილობრივი კლიმატური პირობებისა და მრავალწლიანი გამოცდილების გათვალისწინებით, რაც უზრუნველყოფს მათ მაღალ სიცოცხლისუნარიანობასა და ხანგრძლივ განვითარებას.
გამწვანებისთვის გამოყენებული იქნება 16 სახეობის მარადმწვანე და ფოთლოვანი მცენარე, მათ შორის: არიზონის კვიპაროსი, ლეილანდის კუპრესოციპარისი, ჰიმალაის კედარი, მაგნოლია, ჭადარი, ცაცხვი, ნეკერჩხალი და სხვა მაღალი დეკორატიული და ეკოლოგიური ღირებულების მქონე სახეობები.
პროგრამა ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ქალაქ რუსთავში დაიწყო, სადაც ქალაქის შესასვლელთან არსებულ გზაგამყოფ კუნძულსა და მიმდებარე ტერიტორიაზე სიმბოლურად 250 ძირი ხე-მცენარე, მათ შორის არიზონის კვიპაროსები და აღმოსავლური ჭადრები, დაირგო. გამწვანების ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შონია, ქალაქ რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, სამინისტროს, ფონდისა და მუნიციპალიტეტის თანამშრომლები.
პროგრამის ფარგლებში უკვე გამწვანდა ქალაქ რუსთავის შესასვლელის ერთ-ერთ გზაგამყოფ კუნძულზე 240 ძირი ხე-მცენარე (აღმოსავლური ჭადარი და ჰიმალაის კედარი), ასევე მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ ახლად რეაბილიტირებული, 450 აღსაზრდელზე გათვლილი რუსთავის №31 საბავშვო ბაღის ტერიტორია, სადაც 500 ძირი ფოთლოვანი და წიწვოვანი ხე-მცენარე დაირგო.
მწვანე ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია რუსთავის ავტომაგისტრალის გარკვეულ მონაკვეთზე ქარსაფარი ზოლისთვის მარადმწვანე ხე-მცენარეების დარგვა და ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში ურბანული და საზოგადოებრივი სივრცეების გამწვანება.