სიღნაღში, ავიაკატასტროფის ადგილზე, გეკა გელაძე და გიორგი ალადაშვილი იმყოფებიან.

შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე, პირველ მოადგილესთან, რონი მესხთან და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან, გიორგი ალადაშვილთან ერთად, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, თურქული სამხედრო თვითმფრინავის კატასტროფის ადგილზე იმყოფება.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს შესაბამისი სამაშველო და საგამოძიებო მოქმედებები.
გეკა გელაძემ, მოადგილესთან, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან, გიორგი ალადაშვილთან და სხვადასხვა საპოლიციო დანაყოფის ხელმძღვანელ პირებთან ერთად ავიაკატასტროფის ადგილი დაათვალიერა და მიმდინარე სამუშაოების თაობაზე უწყების შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელებისგან არსებული ინფორმაცია მოისმინა.
სიღნაღის მუნიციპალიტეტში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან დაახლოებით 5 კილომეტრში, თურქულმა სამხედრო თვითმფრინავმა ავიაკატასტროფა განიცადა. ირკვევა, რომ თვითმფრინავი რეისს აზერბაიჯანი-თურქეთის მიმართულებით ასრულებდა.
ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც საჰაერო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.