თელავის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი, ვაჟა მაღრაძე, მოსახლეობას შეხვდა სოფელ სანიორეში, ჯუღაანსა და ართანაში.
“წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები აქტიურად გრძელდება, თუმცა მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს პროცესი მხოლოდ წინასაარჩევნო ფორმატით არ შემოიფარგლება და მოსახლეობასთან უშუალო დიალოგი ჩემი საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი იქნება მომავალშიც. შეხვედრებზე განსაკუთრებით გამოიკვეთა განათლების, ინფრასტრუქტურისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებები, რომელთა გამართულობა სოფლის განვითარებისთვის გადამწყვეტია. აღნიშნული საკითხები ჩვენს სამომავლო გეგმებში მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს. მადლობას ვუხდი თითოეულ ადამიანს აქტიური ჩართულობისთვის. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ რთვლის სეზონისა და დროის სიმცირის მიუხედავად, მოსახლეობა მაინც პოულობს შესაძლებლობას, რათა შეხვედრებში მიიღოს მონაწილეობა. ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ ჩვენი მუნიციპალიტეტის განვითარებას,” – განაცხადა ვაჟა მაღრაძემ.