საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე ლევან ღირსიაშვილი თელავის მე-8 საჯარო სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრს ესტუმრა და ინგლისური ენის გამოცდის მეორე სესიის მიმდინარეობას გაეცნო.
საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ლევან ღირსიაშვილმა საგამოცდო სივრცე დაათვალიერა და აბიტურიენტებს წარმატებები უსურვა.
მინისტრის პირველ მოადგილესთან ერთად საგამოცდო ცენტრში იმყოფებოდნენ კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული პლატონ კალმახელიძე და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე სერგო ჩიჩიანი.
საქართველოს 12 ქალაქში გახსნილ 24 საგამოცდო ცენტრში საგამოცდო პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს. ყველა ცენტრი აღჭურვილია შესაბამისი ინფრასტრუქტურითა და გაგრილების სისტემებით.
ერთიანი ეროვნული გამოცდები 22 ივლისს, ფიზიკის გამოცდით დასრულდება.