კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, სიღნაღის IV თეატრალური ფესტივალი გაიხსნა.

კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, სიღნაღის IV თეატრალური ფესტივალი გაიხსნა თეატრ „არტდრონის“ სპექტაკლით – „ცოცხალთა ხმა.”
რეჟისორ ლუკა მონავარდისაშვილის ერთმოქმედებიანი ფსიქოლოგიური დრამა, დაიდგა სიღნაღის მუნიციპალურ თეატრში. ღონისძიებას დაესწრო საქართველოს კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე, მაკა გურგენიძე.
სიღნაღის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ოფიციალურ გახსნამდე გამართულ პრესკონფერენციაზე, ფესტივალის პროგრამასა და მნიშვნელობაზე ისაუბრეს კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა პლატონ კალმახელიძემ, გურჯაანის, საგარეჯოს, სიღნაღისა და დედოფლისწყაროს დელეგატმა გია ბენაშვილმა და ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელმა საბა ასლამაზიშვილმა.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სიღნაღის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი იმართება 1 ივნისიდან, 7 ივნისის ჩათვლით. მასში მონაწილეობს 8 ქართული და 3 უცხოური თეატრალური დასი ლიეტუვიდან, უკრაინიდან და ესპანეთიდან. ფესტივალის ფარგლებში პირველად გაიმართება ნიდერლანდების სამეფოში არსებული ქართული სამოყვარულო თეატრის „ათინათი“ სპექტაკლის ჩვენება. სპექტაკლების გარდა, საფესტივალო დღეებში ჩატარდება მასტერკლასები მეტყველებაში, სამსახიობო ოსტატობასა და სცენურ მოძრაობაში. ასევე, თეატრმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძე ქართული თეატრის ისტორიის შესახებ წაიკითხავს ლექციას.
ფესტივალის დახურვის საზეიმო ცერემონიაზე გამოვლინდება I, II და III ადგილზე გასული სპექტაკლები. გამარჯვებულ დასებს გადაეცემათ ფულადი პრემია. თანხა მოხმარდება თეატრების საჭიროებებსა და მათ განვითარებას.
აღსანიშნავია, რომ ფესტივალი დაფუძნდა კულტურის სამინისტროს ხელშეწყობით და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, გურჯაანის, საგარეჯოს, დედოფლისწყაროსა და სიღნაღის ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატის, დავით სონღულაშვილის ინიციატივით.
პროექტის მიზანია საქართველოში სამოყვარულო და სახალხო თეატრების მხარდაჭერა, ქართულ თეატრალურ სივრცეში მათი ინტეგრაციის ხელშეწყობა, სამოყვარულო და სახალხო დასებთან კოპროდუქციების შესაქმნელად სახელმწიფო თეატრების წახალისება, ქალაქ სიღნაღის კულტურულ-შემოქმედებით ცენტრად განვითარების ხელშეწყობა და თეატრალური ხელოვნების პოპულარიზაცია.