თელავში, ღვაწლმოსილი მეცნიერების მემორიალური დაფის გახსნას ვაჟა მაღრაძე დაესწრო.

თელავში, ღვაწლმოსილი მეცნიერების – ანზორ ჯავახიშვილისა და ლია ქაშაკაშვილის მემორიალური დაფის გახსნას დაესწრნენ თელავის მუნიციპალიტეტის მერი, ვაჟა მაღრაძე და საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ თხლაშიძე.
ანზორ ჯავახიშვილი – ეკონომიკურ მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი, 1970 წლიდან წლების განმავლობაში ეწეოდა პედაგოგიურ და სამეცნიერო საქმიანობას. სხვადასხვა პერიოდში იკავებდა ფაკულტეტის დეკანის, კათედრის გამგისა და სასწავლო-სამეცნიერო დარგში პრორექტორის თანამდებობებს. თითქმის სამი ათეული წლის განმავლობაში აღზარდა სტუდენტთა რამდენიმე თაობა.
ლია ქაშაკაშვილი – მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი, კათედრის გამგე, მრავალი წლის განმავლობაში ემსახურებოდა ახალგაზრდა თაობის განათლების საქმეს. იგი ხელმძღვანელობდა ორგანიზაციის „ქალები სიცოცხლისა და მშვიდობისათვის“ კახეთის რეგიონის წარმომადგენლობას და აქტიურად იყო ჩართული საზოგადოებრივ საქმიანობაში.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მემორიალური დაფები არასამთავრობო ორგანიზაცია „ჩემი თელავის“ ინიციატივით და თელავის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გაიხსნა.