თელავის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები სოფლების – აკურის, ვანთის, ბუშეტის, ართანის, სანიორისა და ჯუღაანის მოსახლეობას შეხვდნენ.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეხვედრაზე მოქალაქეებმა დაასახელეს ადგილზე არსებული ძირითადი საჭიროებები და შეარჩიეს პრიორიტეტული საპროექტო წინადადებები.
თელავის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში შეხვედრები ჯამში 29 დასახლებულ პუნქტში გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ პროგრამის განხორციელების მიზნით, ცენტრალური ბიუჯეტიდან თელავის მუნიციპალიტეტისთვის 478 000 ლარია გამოყოფილი, ხოლო მუნიციპალიტეტი პროგრამაში ადგილობრივი ბიუჯეტიდან 100%-იანი თანადაფინანსებით მონაწილეობს. შედეგად, პროგრამის საერთო ბიუჯეტი 956 000 ლარს შეადგენს.